საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის დირექტორად ლუიჯი სინაპი იქნა არჩეული
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა“ საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის ახალი დირექტორის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.
მსოფლიო პანდემიის გამო აღნიშნულ პოზიციაზე კენჭისყრა არატრადიციული ფორმატით, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, სადაც მონაწილეობა საქართველომაც მიიღო (IHO)-ს სხვა წევრ-სახელმწიფოებთან ერთად.
დირექტორის პოზიციაზე ნომინირებულ სამ კანდიდატურას შორის ხმათა უმრავლესობით იტალიის ჰიდროგრაფიული ინსტიტუტის დირექტორი კონტრ-ადმირალი ლუიჯი სინაპი იქნა არჩეული.
ლუიჯი სინაპის საერთაშორისო ჰიდროგრაფულ ორგანიზაციაში მოღვაწეობისას S-100 სტანდარტის (უნივერსალური ჰიდროგრაფიული მოდული) სრულყოფაში დიდი წვლილი მიუძღვის, ის ასევე წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა (MBSHC) ხმელთაშუა და შავი ზღვების ჰიდროგრაფიული კომისიების კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში შედის საქართველო, როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყანა, შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს ახლად არჩეულ დირექტორთან ურთიერთანამშრომლობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.
ონლაინ შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს (IHO)-ს მოქმედმა დირექტორმა კონტრ-ადმირალ მუსტაფა იპტესმა მიმართა, რომელმაც მადლობა გადაუხადა კოლეგებს მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის და ახლად არჩეულ დირექტორს კენჭისყრაში გამარჯვება მიულოცა.
საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური ულოცავს კონტრ-ადმირალ ლუიჯი სინაპს საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის დირექტორის პოზიციაზე არჩევას და უსურვებს მას წარმატებებს სამომავლო საქმიანობაში. #IHO