საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური საქართველოში სანავიგაციო გაფრთხილებების ეროვნული კოორდინატორია. მის შემადგენლობაში შედის საქართველოს სანაპირო ზოლზე განლაგებული სანავიგაციო მოწყობილობათა სისტემები, მნათი და არამნათი სანავიგაციო ნიშნები და ღია ზღვაში განლაგებული კარდინალური და ლატერალური ნიშნები, რომლებიც მცურავი საშუალებების უსაფრთხო ნავიგაციას უზრუნველყოფენ.
საქართველოს საზღვაო პოლიტიკის რეალიზაციის განსაკუთრებულ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს საზღვაო საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს ნაოსნობის ხარისხის ასამაღლებლად გასატარებელ ცალკეულ ღონისძიებათა ერთობლიობას (კომპლექსურად) სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული საშუალებების, ჰიდრო-მეტეოროლოგიური, საზღვაო კარტოგრაფიის და სანავიგაციო გაფრთხილებების დარგის დახვეწას, მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას საერთაშორისო ორგანიზაციების - IHO -ს (საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაცია) სტანდატებითა და IALA -ს (შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის) სახელმძღვანელოებითა და რეკომენდაციებით.
საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური ყოველწლიურად წარმატებით გადის ხარისხის მართვის სისტემის გარე საზედამხედველო აუდიტს და სერტიფიცირებულია საერთაშორისო სტანდარტი ISO 9001-2015 შესაბამისად.
საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის გამართული ფუნქციონირება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სატრანზიტო თუ შიდა ტვირთბრუნვასთან, საზღვაო კატასტროფების თავიდან აცილებასთან, საზღვაო აკვატორიის დაბინძურებისაგან დაცვასთან, ჰიდროგრაფიული სამსახური ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.