საქართველომ საზღვაო სანავიგაციო დახმარებების საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციას ხელი მოაწერა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორმა რევაზ ბაბილუამ საზღვაო სანავიგაციო დახმარებების საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის ხელმოწერის პროცედურაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება მიმდინარე წლის 26 იანვარს სენ-ჟერმენ-ან-ლეში (საფრანგეთი) IALA-ს (შუქურების საერთაშორისო ასოციაცია) სათაო ოფისში გაიმართა. ხელმოწერის პროცედურაში მონაწილეობდა გაეროს წევრი საზღვაო ქვეყნები.
მასპინძელი ქვეყნის სტატუსით, ცერემონიას საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ წევრი ქვეყნის სტატუსით საქართველო აქტიურად იყო ჩართული IALA-ს საერთაშორისო ორგანიზაციად გარდაქმნის და აღნიშნულთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შემუშავების პროცესში.
ახალი სტატუსი შესაძლებლობას მისცემს ორგანიზაციას, უფრო მეტი წვლილი შეიტანოს მსოფლიო ზღვებსა და ოკეანეებში ნაოსნობის უსაფრთხოების გაუმჯობესების, საზღვაო გარემოს დაცვისა და საოკეანო მართვის კუთხით. ასევე, მოახდინოს მსოფლიო ზღვებსა და ოკეანეებში ნაოსნობის ერთიანი წესების დანერგვა და ჰარმონიზაცია.