ანაკლიასა და კოლხეთის ნაკრძალის რაიონში ოკეანოგრაფიული საკვლევი აპარატურა განთავსდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში“ სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიული სააგენტოს ინიციატივით ოფიციალური განვითარების დახმარების (ODA) პროგრამის ფარგლებში საქართველოს ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში კორეელმა და ქართველმა სპეციალისტებმა ანაკლიის აკვატორიასა და კოლხეთის ნაკრძალის ჩრდილოეთ რაიონში ორი ერთეული სპეციალური ოკეანოგრაფიული აპარატურა (TRBM) განათავსეს, რომელიც წყალქვეშა დინებების, სიჩქარის და წყლის სხვა მახასიათებლების განსაზღვრას ახდენს.
აღნიშნული მოწყობილობები ზღვის ფსკერზე დაახლოებით ერთი თვის მანძილზე იქნება განთავსებული, მოცემულ დროში შეგროვილი მონაცემები დამუშავდება ჰიდროგრაფების მიერ შემდგომში მათი სანაოსნო საქმიანობაში გამოყენებისა და უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველსაყოფად.