საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ხმელთაშუა და შავი ზღვების ჰიდროგრაფიული კომისიების 23-ე შეხვედრაზე მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ხმელთაშუა და შავი ზღვების ჰიდროგრაფიული კომისიების (MBSHC) შეხვედრაზე მიიღო მონაწილეობა.
საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაცია ხმელთაშუა და შავი ზღვების ჰიდროგრაფიული კომისიების (MBSHC) შეხვედრებს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მართავს აღნიშნულ რეგიონში წარმოებული რუკების საზღვრების დელიმიტაციის, საზღვაო რუკათა წარმოების და ნაოსნობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. აღნიშნულ კომისიაში ხმელთაშუა და შავი ზღვების ჰიდროგრაფიული უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
მიმდინარე წელს (MBSHC)-ის რიგით 23-ე შეხვედრა სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში გაიმართა. კომისიის ფარგლებში განხილული იქნა ხმელთაშუა და შავი ზღვების აუზის ქვეყნების ელექტრონული რუკების ურთიერთგადაფარვასთან დაკავშირებული პრობლემები, სადაც საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დელეგაციამ ზღვაზე ზონების დელიმიტაციის საკითხები და სამსახურის მიერ ახლად შექმნილი საზღვაო სანავიგაციო რუკები წარადგინა, რომელიც მსოფლიო რუკათა კატალოგში იქნება შეტანილი, აგრეთვე კომიასიას გააცნო წინა მოწვევის შეხვედრიდან დღემდე სამსახურის მიერ ნაოსნობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლების მიზნით გაწეული სამუშაოების და განხორციელებული ინოვაციური პროექტების შესახებ ანგარიში.
კომისიის მიმდინარეობისას მონაწილე ქვეყნებმა იმსჯელეს ჰიდროგრაფიაში სივრცითი მონაცემების და ინფრასტრუქტურის ინტეგრაციის საკითებზე, რომელიც ფოკუსირებულია საზღვაო სტანდარტების წვდომაზე, თუ როგორ უნდა გაერთიანდეს მონაცემთა სხვადასხვა ტიპები ეფექტური ანალიზისათვის დისციპლინების ფართო სპექტრით, როგორიცაა სივრცითი დაგეგმარება, გარემოს მენეჯმენტი და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება. აგრეთვე ჰიდროგრაფიის, როგორც მეცნიერების როლზე, რომელიც მსოფლიო ზღვებსა და ოკეანეების სანაპირო ზონების მახასიათებლების გაზომვა-აღწერას, ასევე დროთა განმავლობაში მათი ცვლილებების პროგნოზირებას ახდენს, მის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე ,,საცნობარო“ მონაცემების მიწოდების მხრივ, როგორიცაა ბათიმეტრია, საზღვაო საზღვრები, სანაპირო ხაზი, გეოგრაფიული არეები და სახელები, რომელსაც დარგი უპირველესად ნავიგაციის უსაფრთხოების მიზნით ახორციელებს, თუმცა გადამწყვეტ როლს ასრულებს ყველა სხვა საზღვაო საქმიანობის, მათ შორის ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამეცნიერო კვლევებისა და გარემოს დაცვის მონაცემთა და საინფორმაციო რესურსების მეშვეობით.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ მონაწილეობა მიიღო აღნიშნული კომისიის სტატუტის შეცვლის პროცესში, რომელიც კომისიის რესტრუქტურიზაციასა და პროცედურული საკითხების შეცვლას ითვალისწინებდა. სხვადასხვა ქვეყნების მიერ წარმოდგენილი რვა პროექტიდან საერთაშორისო ჰიდროგრაფიულმა ორგანიზაციამ საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის ავტორობით წარმოდგენილი დოკუმენტი შეარჩია, რომელიც აღნიშნულ კომისიაზე შევიდა ძალაში. #IHO #mbsc #hydrography