სოხუმის შუქურას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
სოხუმის შუქურას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ინიციატივით, სოხუმის შუქურას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გადაწყვეტილება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს იქნა მიღებული. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული შუქურების მოვლა-პატრონობა და გამართულობის უზრუნველყოფა საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შუქურების აუთენტიკური იერსახის შენარჩუნებით და მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფით ჰიდროგრაფიული სამსახური საზოგადოებაში ნაოსნობის უსაფრთხოებისა და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაციას ახდენს, რასაც ბოლო პერიოდში ფოთისა და ბათუმის შუქურების ვიზიტორთა მზარდი რაოდენობა ცხადყოფს. შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაცია (IALA-International Association of Lighthouse Authorities) რეკომენდაციით (R1005) მოუწოდებს საზღვაო ქვეყნებს მოახდინონ მათი ისტორიული და არქიტექტურული ღირებულებების მქონე შუქურების კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში აღრიცხვა და ასევე, განახორციელონ მათი შენარჩუნების კონტროლი, რათა ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება ნაოსნობის უსაფრთხოების, ზღვაზე სიცოცხლის გადარჩენისა და საზღვაო გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ. ცნობილი მოვლენების გამო, სამწუხაროდ ვერ ხორციელდება წვდომა სოხუმის ისტორიულ შუქურაზე, რომელიც 1861 წლით თარიღდება და აგებულია ცნობილი ფრანგი ინჟინერის ერნესტ გუენის მიერ. სოხუმის შუქურა საქართველოს როგორც საზღვაო ქვეყნის ისტორიის განუყოფელი ნაწილი და ისტორიული სიმდიდრეა, რომელიც თაობიდან თაობებს უნდა გადაეცეს. კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მინიჭება ხაზს უსვამს აღნიშნული ნაგეგბობის ისტორიულ-არქიტექტურულ მნიშვნელობას და მომავალში ხელს შეუწყობს ნაგებობის საერთაშორისო დონეზე აღიარებას და საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის პოზიციონირებას.