ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ფოთის პორტში ახალი მეტეოსადგური განათავსა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ფოთის პორტის აკვატორიაში განთავსებული ამორტიზებული სახმელეთო მეტეოსადგური ახალი სადგურით ჩაანაცვლა.
მეტეოსადგური გლობალური ლიდერი კომპანია VAISALA- ს მიერ არის წარმოებული. მგრძნობელობის უმაღლესი ხარისხის მქონე სენსორებით და სპეციალიზირებული პროგრამით უზრუნველყოფილი ახალი მეტეოსადგური ქარის სიჩქარის, ქარის მიმართულების, ჰაერის ტემპერატურის, ნალექიანობის და ტენიანობის შესახებ ზუსტი მონაცემების მოწოდებას ახდენს - აღნიშნული მონაცემები გემებისთვის.ძალიან მნიშვნელოვანია.
საზღვაო ნაოსონობის უსაფრთხოება საქართველოს საზღვაო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. საზღვაო მეტეოროლოგია ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი დარგია, რომელიც ზღვაზე ნაოსნობისთვის რთული (საშიში) მეტეო მდგომარეობის წინასწარ პროგნოზირებას ახორციელებს.
საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური 24 საათიან რეჟიმში, პერიოდულად ახდენს საზღვაო საქმიანობაში ჩართული ყველა მცურავი საშუალების, ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის ზღვაზე ფაქტიური მეტეოროლოგიური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს საზღვაო სივრცეში საზღვაო საფრთხეებისა და ინციდენტების პრევენციისთვის.
ანალოგიური სადგურების განთავსება ბათუმის პორტსა და საქართველოს სანაპირო ზოლის სხვადასხვა ლოკაციებზე იგეგმება.